"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს იზოლაციას არასდროს დაუშვებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში განაცხადა.
"რუსეთმა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ვერ მიაღწია. ამას აშშ-ც არასდროს დაუშვებს. სწორედ ამის დადასტურებაა ბირთვული უსაფრთხოების სამიტში პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა", - მიიჩნევს ვაშაძე, რომლის განმარტებითაც, აღნიშნულ სამიტში საქართველოს მონაწილეობა შეერთებული შტატების მიერ მსოფლიოსთვის და მათ შორის რუსეთისთვის გაგზავნილ მნიშვნელოვამ პოლიტიკურ გზავნილებს გულისხმობს.
"ჩვენ არც ბირთვული არსენალები გვაქვს და არც ატომური ენერგეტიკა, რომ შესაბამისი ქვეყნების სიაში მოვხვედრილიყავით, მაგრამ მოვხვდით და უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ, 6 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარშიც დააფიქსირა", - განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებიან.