30 მაისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს ქმნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიაში განუცხადეს, ჯგუფის მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა იქნება.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნები იქნებიან.
"უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება და ითანამშრომლებს არჩევნებზე დამკვირვებელ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უპასუხებს სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ყველა წუხილს და შეკითხვას", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.