საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს და სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდება.
ჯოზეფ ბაიდენთან და რიჩარდ ლუგართან პრეზიდენტი სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობაზე და სხვა ქვეყნისა და რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით უკვე გამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად იღებს მონაწილეობას გლობალური საფრთხის შემცირებაში.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობით კი მომხერხდა მოსალოდნელი ინციდენტების აცილება, თუმცა საქართველოში მაინც რჩება რამდენიმე სახიფათო ადგილი, კერძოდ, ოკუპირებული რეგიონები, სადაც საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ხორციელდება.