"ალიანსი საქართველოსთვის" დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
"ჩვენი პროექტი რეალისტურია და ბიუჯეტის იმ გათვლებს ემყარება, რომელიც დედაქალაქს დღეს აქვს. ეს არის ეკონომიკურად და ფინანსურად დასაბუთებული პროგრამა, რომლიც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიას არა აქვს პრიორიტეტებში ჯანდაცვის პროგრამა", - განაცხადა პრეზენტაციაზე "ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, მისივე მტკიცებით, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის გამოყოფილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად, დღეს მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტიდან თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის 117 მლნ ლარი გამოიყოფა.
"ალიანსის" მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, კერძოდ, კი - ყველა თბილისელს ოჯახის ექიმი; ყველა ოჯახს სამედიცინო დაზღვევა, ყველა თბილისელს უფასო და იაფი წამალი, საიდანაც სამ წლამდე და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უფასო მედიკამენტები; უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი.
"ალიანსი" ახლო მომავალში სოციალური და განათლების პროგრამის პრეზენტაციის გამართვას გეგმავს.