აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არ შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, სახელმწიფო კანცელარიაში, ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ვარშალომიძეს ვიცე-პრემიერი, სავარაუდოდ, გია ბარამიძე მიიღებს.
შეხვედრა ხვალ, 14 აპრილს, 12:30 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღიად დაუპირისპირდა და საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გილაურისთვის მის მიერ 2009 წლის ივლისიდან გაგზავნილი ყველა წერილი უპასუხოდ დარჩა.
"აჭარის მთავრობა და სამინისტროები ვერ იღებენ უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებსაც კი და ველოდებით რომელიმე თბილისელი ბიუროკტარის მიერ მისთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერებს. ეს ყველაფერი მიუღებელი, გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების გადმოცემა არა მარტო გაამარტივებს და დააჩქარებს მომსახურებას, არამედ ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს. გაუგებარია, რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირებები პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომელსაც ჩემი ხელმოწერა აქვს. როგორც ჩანს, წერილობითი ფორმა არაა საკმარისი", - განაცხადა ვარშალომიძემ.
აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებას პრემიერის აპარატი გუშინვე გამოეხმაურა და ვარშალომიძე აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ თბილისში დაიბარა.