ეუთო უკრაინულ მხარესა და სეპარატისტებს დონეცკის აეროპორტიდან სამხედრო შენაერთებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც სადამკვირვებლო მისია იტყობინება, ეუთოს მონიტორები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, აეროპორტში შესვლა კი ვერც ამჯერად შეძლეს. შეტაკებები დონეცკის აეროპორტში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. სეპარატისტთა ლიდერები აცხადებდნენ, რომ აეროპორტის ყველა ტერმინალი დაიკავეს, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერის, ანდრეი ლისენკოს მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან.