პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. არაფორმალური შეხვედრა რესტორან "ქართულ სახლში" გვიან ღამით დასრულდა.
პრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, განაცხადა, ვახშამზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ბერიძის განცხადებით, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ის კანონპროექტიც განხილეს, რომელიც აჭარაში მოსახლეობისათვის მიწების გადაცემასა და დაკანონებას გულისხმობს.
"აჭარის უმაღლესი საბჭო შეეცადა, გადაეჭრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის მიწების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტი, წარმოვადგიენთ საქართველოს პარლამენტში და ახლა პრემიერს და პარლამენტს ვთხოვთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას. ამ კანონის მიღებით თითქმის ოცი ათასი ოჯახი აჭარაში მიიღებს მიწებს," - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები