უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროში ოთხი ქართველი იმუშავებს.
ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო იუწყება.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გია გეწაძე მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. სამინისტროს სტრუქტურაში იმუშავებენ ასევე ჯაბა ებანოიძე, გიორგი წიკლაური და ხატია შელია.
პეტრენკოს თქმით, სამინისტროში სამუშაოდ სპეციალისტებს არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მიიღებენ.
,,ჩვენ ამჟამად კონსულტაციებს ვმართავთ იმ ექსპერტებთან, რომლებიც სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან და გვინდა, კონსულტანტის სტატუსიდან სახელმწიფო მოხელის სტატუსზე გადმოვიდნენ." - განაცხადა პეტრენკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობაში უკვე მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსა და ექს-ჩინოვნიკებს. ესენი არიან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე.
მასალის გამოყენების პირობები