თარგამაძე-დავითაია-კოტრიკაძის ახალი საარჩევნო ბლოკის სახელწოდებისა და საარჩევნო სიის პრეზენტაცია თვის ბოლომდე მოხდება.
ამის შესახებ დღეს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", პარტია "ჩვენ თვითონისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის" ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბების საკითხზე, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ლიდერების გიორგი თარგამაძის, პაატა დავითაიასა და მაგდა კოტრიკაძის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერდა.
"ამ გაერთიანებისათვის დიდი ძალისხმევა არ გვჭირვებია, ვინაიდან ჩვენი იდეოლოგიური შეხედულებები უმეტესად ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან, თარგამაძე ბლოკის შექმნის მთავარ მიზნად "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადამიანური და პარტიული რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას~ ასახელებს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დევნილების პრობლემები კვლავ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ქვეყნისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამ საკითხზე, პარტია "ჩვენ თვითონ" იმუშავებს, რადგან დევნილების მიმართულებით მას დიდი გამოცდილება აქვს.