30 მაისის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისა და ცესკოს მიერ წარმოებული ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, სასტრუმრო "თბილისი-მარიოტში" წარმოადგინა.
პრეზენტაციას მასმედიის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, გამოსწორებულ ხარვეზთა ძირითადი ტიპოლოგია ამომრჩეველთა სახელებსა და გვარებს, დაბადების თარიღებს, მისამართებს, ერთ ბინაში რეგისტრირებულ ოც და მეტი ამომრჩევლის შემთხვევებსა და გაორებულ ჩანაწერებს შეეხებოდა.
"ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის მიზანი იყო სიის მაქსიმალურად დახვეწა, ორჯერ ხმის მიცემის შესაძლებლობის გამორიცხვა, გამოტოვებული, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების გამოვლენა და გარდაცვლილი ამომრჩევლების სიიდან ამოღება", - განაცხადა ხარატიშვილმა.
სიების მონიტორინგს პარტიები 5 თებერვლიდან ახორციელებდნენ. მასში 11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ის პოლიტიკური პარტიებიც (არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები) მონაწილეობდნენ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან.
სიების მონიტორინგის განხორციელებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს სულ 1 200 000 ლარი გადაერიცხათ.