ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისში მორიგი ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ პირველ კომენტარში იორშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მონიტორინგის შედეგები იმ რეზოლუციაში აისახება, რომელიც აპრილის ბოლოს მომზადდება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სესიაზე წარედგინება.
"თბილისში შეხვედრები დავიწყეთ. ვსწავლობთ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების ქართული მხარის მიერ შესრულების ხარისხს. ამასთან, ვიღებთ ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება იმ რეზოლუციაში, რომელიც აპრილის ბოლოს მომზადდება", - განუცხადა იორშმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მორიგი ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა. ამ წუთებში მათიას იორში სახელმწიფო კანცელარიაში, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით რექვიაშვილთან მართავს შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში კი, ის საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
საუბრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები და მათი შესრულების მხრივ არსებული შედეგები იქნება.
მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი ცხინვალში, გალსა და სოხუმშიც გეგმავს ჩასვლას.
იორში ასევე წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება.