დღეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რასაც დაცვის მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
"სასამართლოს განჩინებას ჩვენი შუამდგბომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პასუხი არის დაუსაბუთებული, უსაფუძვლო და მოვითხოვთ ცნოს დასაშვებად ჩვენი შუამდგომლობა და შეუცვალონ ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს აღკვეთის ღონისძება პატიმრობა სხვა ნაკლებად მძიმე ღონისძიებით," - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.