საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და განმარტავს, თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, მაშინ საკუთარ თანამემაულეს, რომელიც საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაიღუპა ფულზე გაყიდული პროვოკატორი მაინც არ უნდა უწოდო.
,,უკრაინელები, რომლებიც იბრძოდნენ და სიცოცხლეს წირავდნენ საქართველოს მხარეს აფხაზეთში ამბობდნენ, თუ არ გავაჩერებთ მტერს გუმისტაზე, მათი გაჩერება მოგვიხდება დნიპროზე. ალეკო გრიგოლაშვილი, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მის პირად ,,ფეისბუკის" გვერდზე წერდა - თუ რუსეთს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ჩვენი მთავრობა საქართველოს ლანგარზე მიართმევს რუსეთსო. ალეკო მისი სამშობლოს საქმეს აკეთებდა სიცოცხლეში და გააკეთა თავის სიცოცხლის ფასად, ის ვინც, თავისი თბილი კაბინეტებიდან მას ანგარებაში ადანაშაულებს და რუსეთთან ბრძოლაში დაცემულების გვერდით დაკრძალვაზე უარს უცხადებს, ცალსახად, მტრის საქმეს აკეთებს. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?!თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, ისეთი ლაჩარი და უსინდისო მაინც არ უნდა აღმოჩნდე, რომ შენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაცემულ მებრძოლ შენს თანამემამულეს არ გაემიჯნო და ფულზე გაყიდული პროვოკატორი არ ეძახო. ალეკოს მაღალი ხელფასი ჰქონდა საქართველოში, თუმცა თავისი ნებით მიატოვა სამსახური და მისივე დანაზოგით იბრძოდა დონბასში. მის შვილებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება იამაყონ მამით", -წერს სააკაშვილი.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტაბულას" ჟურნალისტის კითხვაზე - ,,არის თუ არა პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი?" - პასუხი არ გასცა და განმარტა, რომ საქართველოს მტერი არის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პრემიერის განცხადებით, ეს არის პროვოკაციული კითხვა.
,,ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. რუსეთის ჯარი გვიდგას ჩვენს მიწაზე და არის ურთულესი ვითარება რეგიონში. უკრაინა არის ცეცხლის ალში გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს ერთი მიზანი აქვს, რომ საქართველოში მოხდეს კონფლიქტი და არეულობა და საქართველო კიდევ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. ეს არის მტრობა ჩვენი ხალხის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ფილოსოფია ის კი არ არის, ვინ უფრო გაბედულად იტყვის, მტერია თუ არა და შეაგინებს, თუ არ შეაგინებს. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და მე უნდა გავაკეთო განცხადება, რომელიც იქნება კეთილდღეობის მომტანი ჩვენი ხალხისთვის და არა ის, რომელიც უფრო დააზიანებს ჩემს ქვეყანას. თუ თქვენ გასიამოვნოთ ამ განცხადებით, თქვენ და თქვენი ოცკაციანი სექტა?" - განმარტა ღარიბაშვილმა.