რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ვეტერანი, სვერდლოვსკის ვეტერანთა ფონდის ხელმძღვანელი ვლადიმერ ეფიმოვი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად მოხალისებს ორგანიზებულად აგზავნიან და ხელფასებსაც უხდიან.
მისი თქმით, სხვადასხვა ცხელ წერტილში მებრძოლი რიგითები 60 ათასიდან 90 ათას რუბლამდე, ხოლო ოფიცრები 120 ათასიდან 150 ათას რუბლამდე ანაზღაურებას იღებენ.
ეფიმოვი განმარტავს, რომ ამბოხებულთა შორის ისინი მკაფიოდ მიჯნავენ ,,აპალჩენცებსა" და ,,დაბრავოლცებს."
,,ყველას, ვინც დონბასში საბრძოლველად მიემგზავრება, ვაძლევთ ე. წ. ,,მოხალისის საგზურს," რომელიც ოფიციალური მოწმობაა და ადასტურებს, რომ ჩვენ დაქირავებულები არ ვართ." - აღნიშნა ეფიმოვმა.
სპეცრაზმის ვეტერანმა ისიც აღიარა, რომ მებრძოლები დონბასში ე. წ. ჰუმანიტარულ კოლონას მიჰყვებიან. მათ შორის მეტად გამოცდილებს საბრძოლველად დონეცკში აგზავნიან, ახალბედებს კი, ძირითადად, ახალგაზრდებს, ლუგანსკში ანაწილებენ.
მასალის გამოყენების პირობები