რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის პოლიციამ საიუველირო მაღაზია-სალონების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ბადრი ბებიჩაძე ცნობილი მომღერლის, ეთერ ბერიაშვილის (რუსული მუსიკალური შოუ ,,გოლოს" - ის ვარსკვლავი) მეუღლეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიჩაძე მოსკოვში უკვე 13 წელია ცხოვრობს, თუმცა დამნაშავეობრივ საქმიანობას ერთი წლის წინ შეუდგა.
ის თავის თანამზრახველთან ერთად იარაღით შედიოდა საიუველირო მაღაზიებში, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გამყიდველს და ძვირფასეულობას იტაცებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ლაიფნიუსი" ავრცელებს.
ოპერატიული-სამძებრო განყოფილების თანამშრომელთა თქმით, ბოროტმოქმედები ერთიდაიმავე ქალაქსა და რაიონში დანაშაულს არასდროს იმეორებდნენ.
მათი კრიმინალური თავგადასავლის ბოლო პუნქტი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ კლიმოვსკის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია აღმოჩნდა, საიდანაც ბებიჩაძემ და მისმა პარტნიორმა რამდენიმე წუთში 6 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს და მიიმალნენ.
სამართალდამცავები მათ კვალზე მალევე გავიდნენ. ბებიჩაძის და მისი მეუღლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მათ მილიონ რუბლზე მეტი ნაღდი ფული, ტრავმატული იარაღი, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბადრი ბებიჩაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.