2014 წლის პოლიტიკოსად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დასახელდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის პოლიტიკოსად დავით უსუფაშვილი აღიარეს.
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საზოგადოებას თავი მაინც "დინჯი" პოლიტიკოსის სტატუსით დაამახსოვრა.
დავით უსუფაშვილი პირველი კანონმდებელი 2012 წლის ოქტომბრიდან გახდა. ის დაიბადა 1968 წლის 5 მარტს. სწავლობდა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს საშუალო სკოლაში (1975-1985). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1985-1992); სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (1997-1999); იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005-2013); მუშაობდა USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამაში (1999-2005); იყო საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001); ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (1994-1997); იყო საქართველოს პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი და მისი წარმომადგენელი პარლამენტში (1992-1994); საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და იურიდიული კონსულტანტი (1990-1994); ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1992-1996) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (1999-2011). ჰყავს მეუღლე, თინათინ ხიდაშელი და ვაჟები - ალექსანდრე (დაბ. 2000 წ.) და გრიგოლი (დაბ. 2006 წ.).
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".