2014 წლის პროექტად სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის საუკეთესო პროექტად სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" აღიარეს. ფორმულა კრეატივის მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი რუსთავი2-ზე 2011 წლიდან გადის.
სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში ახალი „დაქალები" - ნატაშკა და ანკა - შეუერთდნენ.
როგორც სერიალის შემქმნელები აცხადებენ, "ჩემი ცოლის დაქალები" ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებსა და საკითხებს, რომლებიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.
"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორები - გიორგი ლიფონავა და რატი რამიშვილი, პროდიუსერები კი - ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და მიშა მშვილდაძე. როლებში: ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, მაკა ძაგანია, ლელა მებურიშვილი, ბაია დვალიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, თინა მახარაძე, გიორგი ბახუტაშვილი, ლეო ანთაძე, მედეა ლორთქიფანიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ქეთა ორბელაძე, გიორგი ბარბაქაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".