2014 წლის ხელოვანი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გახდა. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ, "ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, რომელსაც სამორინე "შანგრი ლამ" უმასპინძლა, 2014 წლის საუკეთესო ხელოვანი გამოავლინეს: ის კიდევ მრავალი პრიზის მფლობელი გიორგი ოვაშვილია. გიორგი ოვაშვილს მიღებული აქვს შემდეგი პრიზები და ჯილდოები: ნიუ იორკის კინოაკადემიის პრიზი ფილმისთვის "ზღვის დონიდან" - "ბერლინალე-2005", ჟიურის სპეციალური პრიზი ოდენსეს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის "ზღვის დონიდან", ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე "მოლოდოსტი" ფილმისთვის "ვაგონეტი".
გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" დაჯილდოებულია უამრავი პრიზით.
რაც შეეხება ოვაშვილის ბოლო ნამუშევარს, "სიმინდის კუნძული", ოსკარზე წარსადგენ შორთლისტშია. როგორც ცნობილია, ამერიკის კინოაკადემიამ 83 ფილმიდან 9 შეარჩია, რომელთაგანაც 5-ს საბოლოოდ წარადგენენ ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. მათ შორისაა გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები".
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის გენერალური სპონსორი კაზინო „შანგრი ლა", ხოლო სპონსორები „ოდისია პრომოუშენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი" და "სტილ ლაინი" იყვნენ.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი იყვნენ რუსთავი 2, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო".