შსს-ს ძიუდოს სპორტულმა კლუბ "Figther Tbilisi"-ის ძიუდოისტებმა ჰოლანდიაში გამართულ ტურნირში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდი უნდა გამოვლენილიყო, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ევროპულ სარბიელზე ეს მათი პირველი გამოსვლა იყო. ამ გამარჯვებით ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ოქროს ლიგაში გადაინაცვლებენ და მომავალ წელს კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
შს მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი" 2014 წლის მაისში დაარსდა.კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბისთვის ჰოლანდიაში მიღწეული შედეგი მეორე დიდი გამარჯვებაა. ცოტა ხნის წინ ქართულმა კლუბმა იაპონიაში გამართულ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველ ძიუდოისტებს ჰოლანდიაში გამგზავრებამდე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა. ძიუდოისტები შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდნენ და ევროპულ სარბიელზე მიღწეული გამარჯვებაც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს.