აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 18 დეკემბერს ,,უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ აქტ - 2014"-ს ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, მას უფლებას აქვს, რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.
ხელმოწერის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თავისი უფლების გამოყენებას არ აპირებს.
,,ამჟამად ჩვენი ადმინისტრაცია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას არ აპირებს. თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის ქმედებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ." - განაცხადა ობამამ.
ამასთან, დაამატა, რომ სანქციების საკითხზე აშშ ევროკავშირის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის და ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სეპარატისტების მხარდაჭერა.
,,თუ რუსეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, ამერიკა მზადაა, მის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს." - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ,,უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი - 2014," რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა დეკემბერში განიხილეს და მოიწონეს, ნატოს წევრობის გარეშე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვისთვის ძირითადი სამხედრო მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ამერიკას ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გაწევაც შეუძლია.
ამასთანავე, ნატოს წევრი ქვეყნებისა და უკრაინა, საქართველო, მოლოდვასთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ-ს რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების გამოყენება შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები