იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ,,მაესტროს" ეთერში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან 41:5 დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად.
მისივე თქმით, "ხუთოსანმა" ევროპარლამენტის სხდომაზე თავისი თვალით ნახა საკუთარი ფიასკო.
,, დიახ, ვიზიარებ, რომ ის არის ფრიადოსანი, მე კი ვარ ორმოცდაერთოსანი და 41:5 დავამარცხე "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციასთან ერთად. ასე ვაგრძელებთ და ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისი, თუნდაც რეფორმების სისწრაფის თვალსაზრისით, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში 9 წლის განმავლობაში. თუკი ჩვენი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში დღეს არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მე მზად ვარ მივიღო ეს შენიშვნა და მე მიხარია, რომ ჩვენ ეს "შეცდომები" გვაქვს, - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარალემენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ნეგატიურად აფასებს და ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ რეზოლუციაში გამოთქმულ შენიშვნებს საქართველოს ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდა, დღეს კი ,,კლასში ჩატოვების ზღვარზეა".
,,საქართველო, რომ ევროპის ნაწილია ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, საქართველოში რომ არის პრობლემები ამას ნახავთ რეზოლუციაში რომელსაც დღეს მიიღებენ. წაიკითხეთ რეზოლუცია თავად ნახავთ რაში გჭირდებათ ჩემი მოყოლა. Yყველაფერი წერია იმ რეზოლუციაში. წერია ძალიან არადიპლომატიური ენითაც კი. ასე რომ, საქართველო ყოველთვის იყო ხუთოსანი და ათოსანი, ამ პროცესებში. რამდენჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე. ფაქტია, რომ სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მიხაროდა ამ ქალაქში ჩამოსვლა, რადგან ხუთოსნები ვიყავით, არ მინდა ჩემი ქვეყანა ოროსანი იყოს, ვინც არ უნდა იყოს ლიდერები, ეს არის და ეს. და კიდევ გვემუქრებოდნენ ამას თუ არ გააკეთებთ ჩაგტოვებთ, საშემოდგომოს გამოგაყოლებთ, გაგრიცხავთ", -განმარტა გუშინ ევროპარლამენტში ჟურნალისტებთან სააკაშვილმა.