ჩვენი საერთო მიზანია ვიზის ლიბერალიზაცია და მომდევნო თვეებში ერთად ვივლით ამ გზაზე, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც საქართველო- ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიეძღვნა.
მისივე თქმით, ევროპის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული ევროპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
"ჩვენი საერთო მიზანია ვიზის ლიბერალიზაცია და მომდევნო თვეებში ერთად ვივლით ამ გზაზე. ევროპის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული ევროპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თქვენთან ერთად იმუშავებს კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხით. გუშინ დადასტურდა სრული რწმენა, ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის გამყარდა და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გზაზე, რომელზეც ერთობლივად დავდექით. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ საქართველო, როგორც სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა მაღალგანვითარებულ ევროპულ ოჯახში", - განაცხადა ჰერმანმა.