ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი იყო მიწვეული. ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ,,რუსთავი-2"_თან საუბარში განმარტა.
"როდესაც სექტემბერში თბილისში მისიის ფარგლებში ვიმყოფებოდი, რატიფიკაციაზე დასასწრებად მოვიწვიე ყველა პოლიტიკოსი, ვისთანაც შეხვედრები მქონდა, იმ დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა პოლიტიკოსებიც, რა თქმა უნდა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. მათ მადლობა გადამიხადეს მოწვევისთვის და მე მესმის, რომ პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ბევრი საქმე აქვთ," - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ხვალ მოახდენს. რატიფიცირების პროცესს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.ამასთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები