შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მინიმალურია. ამის შესახებ მერაბიშვილი გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
"ის, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული გეგმები გააჩნია, არავისთვის არის საიდუმლო... თუმცა უახლოეს თვეებში ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მინიმალურია. მცირე პროვოკაციები კი არასდროს არის გამორიცხული",- ამტკიცებს მერაბიშვილი.
მისივე განმარტებით, როგორც კი საქართველოს ხელისუფლება "დაინახავს, რომ საფრთხე მაღალია, ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად გააფრთხილებს".
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, შს მინისტრის ინფორმაციით, იქ სტაბილური ვითარებაა.
"მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიციელების დაცვა გავაძლიერეთ, მადლობა ღმერთს, ტრაგიკული შემთხვევა პოლიციელებში არ გვქონია. თუმცა, ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გრძელდება მშვიდობიანი ქართველი მოქალაქეების გატაცებები",- განმარტავს მერაბიშვილი.