"ალიანსი" სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ გამოცდილებას ბოლომდე გამოიყენებს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
"ალიანსის" რიგებში ქალბატონი სალომეს შემომატება, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გაერთიანების ხიბლი და სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მასში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების ლიდერები სხვადასხვა მიმართულებით არიან ძლიერები. ირაკლი ალასანია და ქალბატონი სალომე ძალიან კარგად იცნობენ დიპლომატიის ანა-ბანას და კარგად იციან, როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობები სახელმწიფოებთან (რამდენადაც მახსოვს, ქართულ დიპლომატიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო სწორედ ქალბატონი სალომეს მიერ რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით წარმოებული დიპლომატიური ომი, რომელიც საქართველომ წარმატებით დაამთავრა. ასე რომ, რა თქმა უნდა, "საქართველოს გზის" ლიდერის შესაბამის გამოცდილებას "ალიანსი" ბოლომდე გამოიყენებს)... გარდა ამისა, სოზარ სუბარი ადამიანის უფლებების ყველაზე წარმატებულ დამცველად ითვლება საქართველოში და ეს ინსტიტუტი სწორედ სუბარის ხელმძღვანელობის დროს ჩამოყალიბდა. დავით გამყრელიძეს თავის უზარმაზარ პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად ეკონომიკის სფეროში დიდი ცოდნა აქვს, დავით უსუფაშვილი კი, ასევე პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად ძალიან კარგად ერკვევა იურისპრუდენციაში... ასე რომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიმდიდრე "ალიანსისა" და ის უზარმაზარი პლუსი, რომელიც ჩვენს ძალას, როგორც ხელისუფლების ალტერნატივას, წამროაჩენს",- განუცხადა ნაჭყებიამ "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსი საქართველოსთვის" რიგებში "საქართველოს გზის" გაწევრიანებაზე კომენტირებისას.
ამასთან, მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით "ალიანსი" კიდევ უფრო გაძლიერდა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზა" "ალიანსი საქართველოსთვის" შეუერთა. ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გაცხადდა.