ხვალ, 9 აპრილს, "ეროვნული საბჭო", 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, მსვლელობა ჭადრაკის სასახლიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
"ხვალ პარლამენტთან შევიკრიბებით და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ", - განმარტა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები დაარბიეს, რა დროსაც მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. დარბევის შედეგად 16 კაცი დაიღუპა, ათასობით მოიწამლა.
2 წლის შემდეგ, 1991 წლის სწორედ 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, თუმცა მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.