დღეს, 21:00 საათზე, სემინარის _ სოციალური მეწარმეობის მოდელები _ მონაწილეები პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ლოდსტარის ფონდი, ამერიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით მართავს სემინარს თემაზე - სოციალური მეწარმეობის მოდელები.
სემინარზე მიწვეულნი არიან საქართველოს წამყვანი ბიზნესმენები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ქართველ ბიზნესმენებს გაუზიარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სოციალური მეწარმეობის სხვადასხვა მოდელისა და მიდგომის შესახებ.
სოციალური მეწარმეობა ზოგადად განისაზღვრება როგორც ბიზნესმენების მზაობა, რომ მათი ბიზნესი, სამეწარმეო უნარ-ჩვევები გამოიყენონ სოციალური მიზნების მისაღწევად. სოციალური მეწარმეობის მრავალი ფორმა და მოდელი არსებობს - ზოგისთვის ეს არის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რომლის პრინციპების გატარებას ცდილობენ ბიზნესმენები თავიანთ კომპანიებში. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული აქტივობა სცილდება ცალკეული კომპანიის საქმიანობის საზღვრებს. წარმატებული ბიზნესმენები ერთიანდებიან სხვადასხვა ფონდში, რომლებიც მიმართულნი არიან ფილანტროპიული და სოციალური საქმიანობის განხორციელებაზე.