დასავლეთ საქართველოში ჯილეხით დაავადებების შემთხვევებს ზაფხულში ელოდებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის რეგიონის ექიმმა ინფექციონისტმა ნანა ღონღაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ციმბირის წყლულით _ ჯილეხის დაავადებით, პაციენტები არ მოუთავსებიათ, თუმცა რისკის პერიოდი ამ დაავადებისთვის ჯერ არ დამდგარა.
"ჯილეხი მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა. გასულ წელს გვქონდა შემთხვევები, თუმცა რისკის პერიოდი ჯერ არ დამდგარა. ინფექციის გავრცელება უფრო ზაფხულის დადგომისას იწყება და შემოდგომამდე გრძელდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ღონღაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი პირუტყვის არასათანადო აცრებს უკავშირდება, რადგან არ ხდება შინაური ცხოველების სრული რაოდენობით აცრა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შოთა ცანავას განცხადებით, მოსახლეობამ ყურადღება ბრუცელიოზზე, ჯილეხზე, ცოფზე და სხვა უამარავი დაავადებაზე უნდა გამახვილოს და მის თავიდან აცილების მთავარი პრევენციული ზომა კი იმ პირუტყვების და ცხოველების აცრაა.
"ჯილეხი ე.წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი გენერალიზებული ფორმა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. რამდენიმე წლის წინ ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გენერალიზებული ფორმით ორი ადამიანი დაიღუპა", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს ცანავამ.