საქართველოში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულეს ოფიციალური ვიზიტი იწყება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი ფულე პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე. ის ასევე წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რაც დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკის მოდერნიზაციისაკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროკომისრის რანგში ეს შტეფან ფულეს პირველი ვიზიტია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
7 აპრილს ვროკომისარი წვეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვევა.
დაგეგმილია თბილისში ევროპული სახლის გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ევროპის სახლის" ოფისის გახსნას დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახლი" საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს. როგორც ცნობილია, "ევროპის სახლი" არის სრულიად აპოლიტიკური, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ევროპული კულტურის და ევროპაში ქართული ინტეგრაციას უწყობს ხელს. საერთაშორისო "ევროპის სახლის" მხარს უჭერენ ვაცლავ ჰაველი - ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი; ტიმოთი გარტონი - ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი; ანა პალასიო - ყოფილი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.
8 აპრილს ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე და ევროკომისარი შტეფან ფულე ხელს მოაწერენ ევროკავშირის დახმარების 2011-2013 წლების ეროვნული ინდიკატური პროგრამის მემორანდუმს, რაც საქართველოსთვის დახმარების სახით 2011-2013 წლებისათვის 180 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ევროკავშირი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-ქვეყანას, ფინანსურ მხარდაჭერას პრაქტიკულად უორმაგებს. აღნიშნული დახმარება მოხმარდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ვაჭრობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეფორმებს, რეგიონალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება ბარამიძისა და ფულეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია.