საფრანგეთში, ექსტრემალური სიცხის ფონზე, რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ასობით ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა.
ერთ-ერთი ხანძარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ლოტ-ე-გარონის დეპარტამენტის ტერიტორიაზე გაჩნდა და 87 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ჩაქრობაში 180-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული.
კიდევ ერთი ხანძარი ჩრდილოეთით, მენ-ე-ლუარის დეპარტამენტის ტყის მასივში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, დამწვარი ტერიტორიის ფართობმა 85 ჰექტარს მიაღწია. ადგილზე დაახლოებით 200 მეხანძრე და ათობით ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობდა.
ხანძარს ასევე ევრძოდნენ ენდრის დეპარტამენტში, სადაც ტყის სიახლოვეს მდებარე მინდვრის 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა. სტიქიასთან ბრძოლის დროს ორი მეხანძრე დაშავდა.
23 ივნისი საფრანგეთში ბოლო 79 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ჰაერის ტემპერატურამ 44 გრადუსს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით სისტემური მეტეოროლოგიური დაკვირვებების დაწყების შემდეგ ასეთი მაღალი ტემპერატურა პირველად დაფიქსირდა.
ოთხშაბათისთვის უკიდურესი სიცხის გამო უმაღლესი, „წითელი“ საფრთხის დონე ქვეყნის 58 დეპარტამენტში გამოცხადდა, რაც უპრეცედენტო მასშტაბად მიიჩნევა.
საფრანგეთში მიმდინარე სიცხის ტალღას უკვე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მათი გარდაცვალება ექსტრემალურ ტემპერატურებს უკავშირდება.