"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული მოლაპარაკებების დროს, რომელშიც "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და "ალიანსის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი მონაწილეობდნენ, ირაკლი ალასანიაზე საუბრი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციების წინ სოზარ სუბარმა გაჟღერა სამპუნქტიანი შეთავაზება, რომლის პირველი პუნქტიც თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სახელით ირაკლი ალსანიას კანდიდატურის დაყენებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ "ალიანსი" და პირადად სუბარი მზად არის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. როგორც ყოფილი ადამიანის უფლებათა დამცველი აცხადებდა, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების პროცესში სწორედ ამ პირობებზე ისაუბრებდნენ.
დღეს ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ "მრეწველების" ოფისში გამართული მოლაპარაკებების დროს ირაკლი ალასანიაზე საუბარი არ ყოფილა.
"მოლაპარაკებების დროს საუბარი არ ყოფილა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურის უპირობო მხარდამჭერაზე", - აღნიშნა ტყემალაძემ.
იგივე გაიმეორა ნინო ბურჯანაძემ - მეორე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთანაც სუბარმა და გაჩეჩილაძემ დღეს კონსულტაციები გამართეს.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ირაკლი ალასანიაზე, მისი თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ერთიანი კანდიდატის შერჩევისა და შეთანხმების პროცესში. ბურჯანაძე დანარჩენ ოპოზიციას მხარს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის პროცესში დაუჭერს. მისი თქმით, შეხვედრაზე სწორედ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობდნენ.