"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისში "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის, "დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კონსულტაციები დასრულდა.
კონსულტაციების დროს სუბარი ბურჯანაძეს მოუწოდებდა, სახალხოდ დაეფიქსირებინა თავის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უჭერს მხარს თვითმმართველობისა და თბილისის მერის მოახლოებულ არჩევნებში. სუბარის თქმით, აუცილებელია, ბურჯანაძის ამომრჩეველმა მიიღოს გზავნილი, ვის მისცეს ხმა, რადგან თავად "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს.
"კონსულტაციები გამარჯვების ფორმულისკენ გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ ფორმულა ამოქმედდება, ქალბატონი ნინო მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში. ბუნებრივია, ყველა საკითხზე, რაზედაც კონსულტაციები მიმდინარეობდა, აზრთა თანხვედრა არ არსებობს, მაგრამ დიალოგი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ საერთო გადაწყვეტილებაზე შევჯერდეთ", - განაცხადა სუბარმა.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ირაკლი ალასანიაზე, მისი თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ერთიანი კანდიდატის შერჩევისა და შეთანხმების პროცესში. ბურჯანაძე დანარჩენ ოპოზიციას მხარს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის პროცესში დაუჭერს. მისი თქმით, შეხვედრაზე სწორედ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობდნენ.
"ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, ამიტომ ერთიან კანდიდატზე ის პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ჩვენ ამ პროცესში არ ჩავერევით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სუბარი და გაჩეჩილაძე უკვე მესამე პოლიტიკური პარტიის ლიდერს შეხვდნენ. მათ ბურჯანაძემდე კონსულტაციები ედპ-ისა და მრეწველების ოფისში გამართეს.