"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ინგა გრიგოლიას აზრით, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს ხელისუფლების ბრალია.
"მართალია, რუსეთი აგრესორია და თვითოეული ჩვენთაგანი მისი აგრესიის მსხვერპლია, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება ხელისუფლების ბრალია", - განაცხადა გრიგოლიამ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში და აქვე განმარტა, რომ საკითხის დარეგულირებაზე მანვე უნდა იზრუნოს და არა ოპოზიციურმა ძალებმა.
გრიგოლია მიიჩნევს, რომ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება.
"ტერიტორუილი მთლიანობის აღდგენის პირველი პირობაა სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რათა ხალხს გაუჩნდეს სურვილი გახდეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქე და ქართული ტერიტორია არ გახდეს რუსეთის გუბერნია", - აღნიშნა გრიგოლიამ.
"ხელისუფლება ვალდებულია მოაგვაროს ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან და როდესაც ურთიერთობა გახდება სტაბილური, მაშინ შესაძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც", - დასძინა მან.