ვენეციის კომისიამ საიუბილეო სხდომის დასკვნაში გაიზიარა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების პოზიცია მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანშეუწონლობის თაობაზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩასატარებელია დამატებითი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და შეუცვლელობის პრინციპების პატივისცემის გარანტიები - ამის შესახებ, უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.
უზენაესი სასამართლოს განცხადებით, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ასევე უარყოფითად აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
"ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, რომ მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თანამდებობები თავიანთი ვადის ამოწურვამდე და ის დებულებები, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარეების არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ თავად მოსამართლეების მიერ არჩევას ითვალისწინებს, ძალაში შევიდეს არა კანონის ამოქმედების, არამედ, მოქმედი თავმჯდომარეების მანდატის ამოწურვის შემდეგ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების კარგი ადმინისტრირების პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლი ამოღებულ უნდა იქნას და მოქმედმა სასამართლოს თავმჯდომარეებმა შეინარჩუნონ თავიანთი მანდატები მათი ვადის ამოწურვამდე (დასკვნა - 773/2014, პუნქტები 97, 98, 99). ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დებულებები ცალსახად და გარკვევით უნდა მოიცავდნენ ამ კრიტერიუმებს.
ვენეციის კომისიამ ასევე პრობლემატურად მიიჩნია საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომელიც აწესებს უზენაეს სასამართლოში დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების დასაბუთების მოთხოვნას. საკითხზე მსჯელობისას კომისიამ მიუთითა, რომ სასამართლოებს არცერთ სამართლებრივ სისტემაში არ ევალებათ მხარეების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე პასუხის გაცემა. კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სარჩელის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მცირე და შეზღუდული დასაბუთება საკმარისია. სასამართლოს დასაბუთება უნდა მოიცავდეს მარტო იმას, თუ რატომ ეუბნება უარს სასამართლო მომჩივანს მისი საქმის განხილვაზე. დეტალურმა და ღრმა დასაბუთებამ შეიძლება შექმნას გადატვირთულობის პრობლემა უზენაეს სასამართლოში", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცახდებაში.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მე-100 საიუბილეო სხდომა, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ესწრებოდა, ქ. რომში 14 წლის 10-11 ოქტომბერს მიმდინარეობდა.
სხდომაზე დამტკიცდა სამი დასკვნა, რომლებიც შეეხებოდა ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე, საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" და საქართველოს კანონში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ".