ჟურნალ „კომერსანტ-დენგი"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში - "უსაზღვრო აფხაზეთი: რა აქვს და რას მიიღებს რესპუბლიკა რუსეთისაგან" ვრცლადაა გადმოცემული აფხაზეთის თანამედროვე მდგომარეობა, თუმცა მასში საკმაოდ ბევრია ისტორიული წიაღ-სვლებიც: აფხაზეთი საბჭოთა ხელისუფლების წლებში - 1921-დან 1990 წლამდე, კონფლიქტი, კონფლიქტის შედეგები და ასე შემდეგ. პუბლიკაცია ფაქტიურად აფხაზეთში ჩასული რუსი ჟურნალისტის შთაბეჭდილებებზეა აგებული (ავტორი ალექსი ბოიარსკი).
„სოჭის აეროპორტ „ადლერიდან" ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე ავტომანქანით მისვლას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. ჩვენ აფხაზეთში შესასვლელად რიგში ვდგებით, ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხია, ძირითადად აფხაზები და რუსი ტურისტები... აფხაზები მესაზღვრეებს რუსულ პასპორტებს უჩვენებენ - ისინი თითქმის ყველა რუსეთის მოქალაქეები არიან. პასპორტში შტამპის ჩარტყმის შემდეგ ჩვენ ფსოუზე გადავდივართ. მარჯვნივ - კრისტალურად წმინდა ზღვაა, მარცხნივ - მთები, პალმები და ევკალიპტები. რაც უფრო ვუახლოვდებით გაგრას, სულ უფრო ხშირად გვხვდება ნახევრად დანგრეული, დამწვარი და მიტოვებული შენობები... მდინარე გუმისთას ხიდზე წარწერაა: „ამ ხიდზე სოხუმისათვის ბრძოლებში პირველებმა ათონ-ეშერის ბატალიონის მებრძოლებმა გაიარეს", - ნათქვამია სტატიაში.
„აფხაზეთის გზებზე მთავარი საფრთხე ძროხებია. მართალია, აქ ინდოეთი არაა, მაგრამ ძროხები მაინც თავისუფლად დაბორიალობენ. აფხაზეთის პოტენციური პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას თქმით, მოსახლეობის 70& თთქმის მთლიანად ნატურალურ მეურნეობას ეწევა: ყოველ ოჯახს ჰყავს ძროხები, სხვა პირუტყვი, რძისაგან ამზადებენ მაწონს, ყველას და სხვა პროდუქტებს. ოფიციალური მონაწელბეით, აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წელიწადში 709 მილიონი დოლარს აღწევს, თითოეულ მცხოვრებზე კი სამი ათასი დოლარი მოდის (რუსეთში - 24 ათასი). მოსკოვისაგან მიღებული დახმარება ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება, ძირითადად კი სოფლის მეურნებას, სკოლებისა და გზების რემონტს. აფხაზეთისათვის ენერგორესურსების მიწოდება არ ხდება, გაზი მათ არ სჭირდებათ, რადგან ინგურჰესი ელექტრომოხმარებას სრულად აკმაყოფილებს", - წერს ავტორი.
რაში გამოიხატება აფხაზეთის დღევანდელი ეკონომიკა?
„აფხაზეთის მაღაზიებში არსებული შეფუთული პროდუქტები მთლიანად რუსულია. თვითონ აფხაზური პროდუქცია ფაბრიკული წესით არ იფუთება, თუმცა განა რას აწარმოებს აფხაზეთი ისეთს, რომ შეიფუთოს? ღვინოს ბოთლებში ჩასასხმელად, მინერალურ წყალს, ჭაჭას და ლიმონათს, დანარჩენი ყველაფერი კი - მანდარინი, თხილი, კივი, ფეიჰოა და ხურმა - ბაზარზე იყიდება, დახლებზე დახვავებული. ერთადერთი აფხაზური საწარმო - შპს „აფხაზპროდუქტი" ამზადებს აჯიკას შეფუთული სახით, რომელიც ღვინოსთან და მინწყალთან ერთად, თითქმის მთლიანად რუსეთში იგზავნება. გულრიფშის რაიონში მდებარე აგროფირმა „სოფია"ციტრუსების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი მეურნეობაა - აქ ასობით ტონა მანდარინი და სხვა კულტურები მოჰყავთ. ადგილობრივ გლეხებს იმედი აქვთ, რომ ევროსანქციების შედეგად რუსეთში აფხაზური სოფლის მეურნების პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება.
თუმცა აფხაზეთი ძირითად მოგებას მანდარინისგან კი არა, კურორტებისგან ღებულობს. როგორც ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ ლაკერბაია ამბობს, ამ საკურორტო სეზონზე (ივნისიდან სექტემბრამდე) აფხაზეთს უკვე 700 ათასი დამსვენებლი ეწვია, თითქმის ყველა რუსეთიდან: „სეზონის ბოლომდე მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ტურიზმს ხელს ვერ შეუშლის ვერც ყირიმის მიერთება და ვერც პოლიტიკური სიტუაცია". ტურისტთა 95% ხელმოკლეა, საშუალო კლასის დონემდე ვერ აღწევს: დღეში ისინი მხოლოდ 1000 რუბლს ხარჯავენ (შედარებისთვის: თურქეთში საშუალოსტატისტიკური ტურისტი დღეში 100 დოლარს ხარჯავს). აფხაზეთის შემოსავლები ტურინდუსტრიისაგან დაახლოებით 1,5 მილიარდი რუბლია.
აფხაზეთში ბიზნესის განვითარების მთავარი პრობლემა უცხოური ინვესტიციების დეფიციტშია. კანონის თანახმად, უცხოელებს აფხაზეთში საცხოვრებელი ფართობის ქონების სახით შეძენა ეკრძალებათ, რაც შეეხება კომერციულ ქონებას, მისი შეძენა თითქოსდა არ იკრძალება, მაგრამ მაინც რისკებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ სასტუმროებისა და კაფეების იშვიათი მფლობელები იძულებულნი არიან კომპანიონებად აფხაზები ჰყავდეთ. აფხაზები შიშობენ, რომ უცხოელები ყველაფერს იყიდიან, მიწის ჩათვლით, თუმცა სანამ აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებული არ არის, უცხოელი ბიზნესმენები საეჭვოა იქ მანამდე ჩავიდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ბოლო ნაწილში აღწერილია გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა:
„სოხუმში გეჩვენება, რომ აფხაზეთში არაფერი ქართული უკვე აღარ დარჩა, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს, საქართველოს საზღვართან, შეამჩნევთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გეოგრაფიულ დასახელებებს ასო „ი"-ს უმატებს - ტყვარჩელი, გალი... საზღვრის იქით საქართველოა, სამეგრელო და გალის რაიონშიც ძირითადად მეგრელები ცხოვრობენ. მართალია, მათი ენა ქართულისაგან განსხვავდება, მაგრამ პასპორტებში ეროვნებად მაინც ქართველები უწერიათ. აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გალელ ქართველებს (20 ათასი) მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათ ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ - აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით ჰქონდათ მიღებულიო.
ქალაქ გალის საკვირაო ბაზარზე ბევრი პროდუქტია გამოტანილი, ძირითადად ქართული წარმოებისა.... გალის რაიონში ძალიან ბევრ თხილს ამზადებენ, რომელსაც საქართველოში და რუსეთში ჰყიდიან. გალელები შიშობენ, რომ აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა ადრე გამოცხადებულ დაპირებას შეასრულებს და საქართველოსთან საზღვარს მთლიანად ჩაკეტავს. მართალია, ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად ყველაფერი უცვლელია, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინათ პუტინ-ხაჯინბას შეხვედრის დროს რომ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შექმნაზე მოილაპარაკეს, ეს უკვე გალელი ქართველებისათვის არასასიამოვნო პერსპექტივაა", - ნათქვამია სტატიაში.