გაეროს ორმა სახელშეკრულებო ორგანომ საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნითი შენიშვნები გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს განაგრძოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოის შექმნის საკითხის განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი აპარატი განცახდებას ავრცელებს, როემლსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:გასულ კვირას, საქართველოს მიერ წარდგენილ პერიოდულ ანგარიშებთან დაკავშირებით დასკვნითი შენიშვნები გამოაქვეყნა გაეროს ორმა სახელშეკრულებო ორგანომ - ადამიანის უფლებათა კომიტემმა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა.2014 წლის 24 ივლისს გამოქვეყნებულ დასკვნით შენიშვნებში, რომლებიც საქართველოს რიგით მე-4 პერიოდული ანგარიშს ეხება, გაეროს ადამიანის უფლებათ კომიტეტი მიმოიხილავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მიერ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის 2014 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებულ დასკვნითი შენიშვნებში კი საქართველოს ხელისუფლების მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა მიმოხილული.
ძირითად მიღწევებს შორის გაეროს ორივე სახელშეკრულებო ორგანო მიუთითებს 2014 წლის 2 მაისს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებას და აღნიშნავს, აღნიშნული კანონის იმპლემენტაციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს სახალხო დამცველია.
დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იმეორებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ ყველა ძირითად შენიშვნას. კერძოდ, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კანონის ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად, გაზრდილი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველი; ასევე, სახალხო დამცველის ოფისს მიანიჭოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მონიტორინგის პროცესში სავალდებულო ძალის მქონე მოსაზრებების გამოცემისა და სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება.
საკანონმდებლო დონეზე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულებისთვის და სათანადო რესურსები გამოუყოს საქრთველოს სახალხო დამცველს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მიღწევათა შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩამოთვლის ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის 12-დან 14 წლამდე აწევას და ცალკეული კონვენციების რატიფიცირებას. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი ასევე მიესალმება ხელისუფლების მიერ მეორე და მესამე პერიოდული ანგარიშების 2006 წელს წარდგენის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, რაც ქალთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა და სამოქმედო გეგმების მიღებაში, ასევე საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიცირებაში გამოიხატა.
მიმართულებებს შორის, სადაც სახელმწიფო ვალდებულია ძალისხმევა გააძლიეროს, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მიუთითებს იმ ძირითად სფეროებს და მიმართულებებს, რაც წლების მანძილზე წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის წუხილის საგანს. კერძოდ, კომიტეტი შეშფოთებით აღნიშნავს გენდერულ იდენტობასა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ჩადენილ დისკრიმინაციის შემთხვევებს. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოს, პატრიარქალურ სტერეოტიპებთან და დამოკიდებულებებთან ბრძოლის მიზნით შეიმუშავოს სტრატეგია და მიიღოს ზომები გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტში, ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. კომიტეტი წუხილს გამოხატავს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის და ძალადობის ფაქტების გამოც. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაცრად დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობა ან სიძულვილის ენის გამოყენება რელიგიური ჯგუფების მიმართ და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით მოახდინოს ადამიანის უფლებების სტიმულირება და განსხვავებულობის შემწყნარებლობა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს განაგრძოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოის შექმნის საკითხის განხილვა. კომიტეტი შენიშვნას გამოთქვამს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებითაც და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ განახორციელოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემის რეფორმირება.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი შეშფოთებით აღნიშნავს ქართულ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლის შესახებ პატრიარქალური დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების სიმძლავრეს, ნადრევი ქორწინების შემთხვევებს, მეუღლეთა ან პარტიორთა მხრიდან ქალთა მკვლელობის გაზრდილ მაჩვენებელს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფრების ნაკლებობას ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და სხვა. შესაბამისად, კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, მათ შორის, გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის საბჭო ადეკვატური ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით; განხორციელდეს შესაბამისი ზომები მეუღლეთა ან პარტნიორთა მხრიდან ქალთა მკვლელობის რაოდენობის ზრდის პრევენციის მიზნით; უზრუნველყოფილი იქნენს ტრეფიკინგის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა; აიკრძალოს ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკა, რაც ქალის პირადი უფლებების შელახვად მიიჩნევა; უზრუნველყოფილ იყვნენ ახალგაზრდა გოგონები და ახალგაზრდა ქალები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებით; ქალთა დასაქმებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, კომიტეტი მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს სახელმწიფოს. ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი რეგიონებში მაცხოვრებელი და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მიმართ სახელმწიფოს მიერ გასატარებელი რეკომენდაციების ნუსხა.დასკვნით შენიშვნებში მითითებული რეკომენდაციების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობამ ინფორმაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს ორი წლის, ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტს ერთი წლის ვადაში უნდა წარუდგინოს", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები