15 ივლისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია "კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის" შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ნეკა სებისკვერაძე და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა.
ფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, შედგება ყოველდღიური კონცერტებისა და "ჯემ-სეიშენებისგან", სადაც ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან. ფესტივალის ეგიდით დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისათვის მოეწყობა მასტერკლასები.
ფესტივალი წელს პირველად უმასპინძლებს "მრგვალი მაგიდების" სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
Kavkaz Jazz საქართველოში ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე, მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს. Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.