გიორგი ლეონიძე ამბობდა: „ეროვნული საქმე ხალხშია, ხალხშია ფიროსმანიც. ჩვენ ვერ ვისვენებთ, ვეძებთ ფიროსმანს... ამ საქმეს ნუ მოვეშვებით,... შთამომავლობა არ გვაპატიებს მისი საფლავის დაკარგვას!"
უპირველესად, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, იმავდროულად - მსოფლიოს კულტურისთვის XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გასული საუკუნიდან მოყოლებული, ბევრი მამულიშვილი იკვლევდა ნიკო ფიროსმანის სამუდამო განსასვენებლის ადგილმდებარეობას. სხვადასხვა გადმოცემასა თუ საარქივო მასალაზე დაყრდნობით ეძებდნენ და შემდეგ განიხილავდნენ ვერსიებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, მოითხოვდნენ კვლევას.
საფლავის ძებნა არც უახლოეს პერიოდში შეწყვეტილა და რამდენიმე სავარაუდო ადგილიც დასახელდა, რომელთა შორის ყველაზე აქტიურად კუკიის სასაფლაოსა და პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას განიხილავენ.
ნიკო ფიროსმანის საფლავის მოძიების საქმეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები არიან ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები: დავით ლორთქიფანიძე, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მარინა ხომერიკი, ნელი კობიაშვილი, გოგი ხოშტარია, მაია რამიშვილი, ეკატერინე კიკნაძე, გიორგი კაკაბაძე, ქეთევან ჭარხალაშვილი, ანზორ მაძღარაშვილი და თემურ ჩალაბაშვილი.
კულტურის მინისტრის თქმით, კომისია უახლოეს ხანში დაიწყებს ყველა არსებული ვერსიის განხილვას, დამუშავებას და მის საქმიანობაში ჩაერთვებიან ქართველი და, საჭიროების შემთხვევაში - უცხოელი მეცნიერებიც. კვლევის პერიოდში კომისია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიყენებს ყველა საინფორმაციო-სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებას.
მასალის გამოყენების პირობები