ლალი მოროშკინა საკუთარ უფლებებს ევროპაში იცავს, ადვოკატი ლალი აფციური კი სად-ის თავმჯდომარის მრჩევლის უფლებებს საქართველოში. დღეს, რამდენიმე წუთის წინ, ლალი აფციაურმა განცხადებით მიმართა მინისტრ სოზარ სუბარს: „ჩვენ გავდივართ ყველა სამართლებრივ გზას, რაც სამართლიანობის აღსადგენადაა აუცილებელი. ვიდრე სასამართლოს მივმართავთ, მანამ სოზარ სუბარმა უნდა იმსჯელოს რამდენად სამართალიანად გაათავისუფლა სად-ის ყოფილმა თავმჯდომარემ მისი მრჩეველი თანამდებობიდან. მივმართავთ თუ არა სასამართლოს სამსახურში ლალი მოროშკინას აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზრაურების თაობაზე, ეს დამოკიდებულია სოზარ სუბარის გადაწყვეტილებაზე. ვნახოთ რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მინისტრად მოსული ყოფილი სახალხო დამცველი", - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ლალი აფციაური.
ამონარიდი სუბართან შესული განცხადებიდან: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 09 იანვარს #1422პ/შ ბრძანებით ლალი მოროშკინასთან გაფორმებული იქნა შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2012 წლის 7 ნოემბრიდან, 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შტატგარეშე მოსამსახურედ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში და დაევალა დაწესებულების მონიტორინგი. ლალი მოროშკინას შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით. 2014 წლის 20 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის (MGLA 514 00003381) ბრძანებით, ლალი მოროშკინა გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 20 მაისის #229792 პატაკი... ლალი მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლება უკავშირდება მის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებს, რომელიც შეეხებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, კერძოდ: საუბარია დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე გაცემულ მაღალ პრემიებზე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე და სხვა. აღნიშნულის დასტურია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის - უფროსი სოციალური მუშაკის, ავთანდილი ღლონტის მიერ 2014 წლის 20 მაისს, მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ლ. მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. (წყარო http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/45640-lali-moroshkina-thanamdebobidan-gaathavisufles.html) სხვა შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეეძლო გამოეყენებინა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე 79-ე მუხლებით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, მითუმეტეს ისეთ დროს როდესაც 2012 წლის 7 ნოემბრიდან 2014 წლის 20 მაისამდე, ლ. მოროშკინას შენიშვნაც კი არ აქვს მიღებული და არაერთხელ იქნა წახალისებული ხელფასის ზევით, დამატებითი ფულადი ანაზღაურებით, პრემიებით.
მართალია „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დასაშვებია მოხელის გათავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშეც თუ კი იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება, რომ ლ. მოროშკინამ უხეშად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობები. უფრო მეტიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის - უფროსი სოციალური მუშაკის, ავთანდილი ღლონტის მიერ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ ლალი მოროშკინას მიმართ განხორციელდა მიზანმიმართული დევნა იმ ინფორმაციების გავრცელების გამო, რომელსაც ავთანდილ ღლონტმა დეპატამენტის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი უწოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა თავად ბრძანების „ავტორი" და დეპარტამენტის არაერთი პასუხისმგებელი პირი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო. დაუშვებელია ამ მუხლებში ჩამოთვლილი თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლების. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები, საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად... მიგვაჩნია, რომ სადაო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და საჯარო სასმსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულვეყოფით, შესაბამისად სახეზეა სადაო ბრძანების ბათილად ცნობისა და ლალი მოროშკინას სამსახურში უპირობო აღდგენის საფუძველი.
მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება, ლალი მოროშკინას თნამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
2. გამოიცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლალი მოროშკინას სამსახურში აღდგენის თაობაზე და აუნაზღაურდეს, სამსახურში იძულებითი არყოფნის განმავლობაში გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო.