„თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის" დაფინანსებითა და ხელშეწყობით, საგამომცემლო პროგრამების ფარგლებში, გამოიცა ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის ცნობილი წარმომადგენლის კონტანტინე კაპანელის ნაშრომი „რენესანსი ლიტერატურაში" .
კაპანელმა ქართული ფილოსოფიური-ესთეტიკური აზროვნება გაამდიდრა ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციით-ე.წ. ორგანოტროპიზმით. თავისი ლიტერატურულ-კრიტიკული ნააზრევით კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში. მას ფილოსოფიური განათლება ნანსის, სორბონისა და გრენობლის საუნივერსიტეტი ცენტრებში ჰქონდა მიღებული. კაპანელის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ნიცშეს, ბერგსონის, ზოგადად, სიცოცხლის ფილოსოფიის ცალკეულმა იდეებმა.
წიგნში „რენესანსი ლიტერატურაში" ავტორის სურვილი იყო მკითხველს გაეცნო მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები: დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო, სერვანტესი, ლოპე დე ვეგა, კალდერონი, შექსპირი, რაბლე, მონტენი, მოლიერი, ლესინგი, ვოლტერი, ჟან ჟაკ რუსო, გოეთე, შილერი და მათი უმთავრესი ნაწარმოებები. კაპანელის თქმით, საქართველოში ადრეული რენესანსის არსებობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, სწორედ ამიტომ რენესანსის კლასიკოსების მიმოხილვას იგი შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნის" ანალიზით იწყებს.
წიგნი გამოსცა გამომცემლობამ "ნეკერი".