„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 20-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. როგორც ჟურნალისტებთან ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განაცახდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამკვირვებლებმა 16:00 საათისთვის 11 საჩივარი დაწერეს.
მისივე განმარტებით, პრობლემები კვლავაც შედარებით მეტია მარტვილის საარჩევნო ოლქში.
,,ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2013 საპრეზიდენტო არჩევნებისას, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიკაცია კიდევ უნდა დაიხვეწოს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი პრობლემა სოფლებში განთავსებულ უბნებში გვხვდება. ამასთანავე, წინა წლების არჩევნების მსგავსად, ბევრი უბნის გარეთ კვლავ შეინიშნება აგიტაცია და უბანზე მისულ ამომრჩეველთა არაფორმალური აღრიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, ამომრჩეველზე გარკვეული ზეწოლის მოხდება შეუძლია. ამ დროის შუალედში შემდეგი დარღვევებია აღსანიშნავი:გაფუჭებული მარკირების შესამოწმებელი მოწყობილებები: მარტვილის საარჩევნო ოლქის #14, #15 და #18 უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფარანი გაფუჭდა და გარკვეული დროის განმავლობაში შემოწმების გარეშე მიმდინარეობდა ხმის მიცემა;მთაწმინიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. შედეგად გაუქმდა გადასატანი ყუთში არსებული ყველა ბიულეტენი;სამგორის საარჩევნო ოლქის #79 უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან 3 საათში აღმოაჩინეს, რომ უბანზე #117 უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ შეაჩერა კენჭისყრის პროცესი და ფაქტის შესახებ შეატყობინა საოლქო კომისიას. საოლქო კომისიამ ცესკოსთან შეთანხმებით შეადგინა ოქმი, რომლითაც გაგრძელდა კენჭისყრის პროცესი 117-ე უბნის ბიულეტენებით. ასევე ახსნა-განმარტება დაწერა რეგისტრატორებმა და უბნის თავმჯდომარემ", _განაცახდა გიგაურმა.
მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მისცეს ამომრჩევლებმა ხმა მაგალითად კრწანისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნის წევრმა (რეგისტრატორმა) პირადობის მოწმობის ასლით მისცა ხმა; მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე ამომრჩეველმა მართვის მოწმობით მისცა ხმა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ამომრჩეველს აღნიშნულის ნება დართო.ხონის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე თავმჯდომარე ერეოდა რეგისტრატორის ფუნქციებში, ბიულეტენებს თვითონ არტყამდა რეგისტრატორის ბეჭედს. როგორც გიგაურმა განაცხადა გარდაბნის საარჩევნო ოლქის #25 უბანზე კომისიის მხოლოდ ორი წევრი იყო ადგილზე. უცხო პირები დაუბრკოლებლად მოძრაობდნენ უბანზე, არ ხდებოდა მარკირების შემოწმება. კომისიის წევრების განმარტებით ისინი გვერდზე ოთახში სადილზე იყვნენ გასულები.