დღეს, 15 ივნისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. 3, 429, 748 ამომრჩეველი ხმას , 637 საარჩევნო უბანში მისცემს. ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ თვითმმართველი ორგანოს - საკრებულოს წარმომადგენლები, მათი ქალაქის მერი ან მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს.
მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით 59 თვითმმართველი თემის გამგებლები აირჩევა.
მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან. თბილისის საკრებულო 50 წევრისგან დაკომპლექტდება, რომელტაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი - პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.
თვითმმართველობის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45,300 წარმომადგენელი, 16, 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1,500- ზე მეტი მედია წარმომადგენელი გააშუქებს.
მას შემდეგ, რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge და ყველას ექნება საშუალება თვალი ადევნოს ამ პროცესს.
ცესკო დღის განმავლობაში რეგულარულად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
კენჭისყრის დღეს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
15 ივნისს ასევე აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.