,,აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა" ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ჰამერბერგმა კვლავ შეასრულოს საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის მოვალეობა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ბოლო წლებში, ბატონმა თომას ჰამერბერგმა, სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის რანგში ყოფნის დროს, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში. ბატონმა ჰამერბერგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახიფათო დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, რომელიც წარმოიშვა ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა. ბატონი ჰამერბერგის რეაქცია ყოველთვის იყო დროული და ოპერატიული ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე ადამიანის უფლებების სფეროში. მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა საქართველოს ახალი ხელისუფლება დარჩენილიყო დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის ერთგული; ასევე, შეუფასებელი დახმარება გაუწია ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, საქართველოში დაიწყება ახალი გარდამავალი ეტაპი. წინა წლებში მიღწეული პროგრესი მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების კუთხით კონსოლიდირებული უნდა იქნეს, თუ ჩვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი. ამ პროცესში, საქართველოს კვლავ მრავალ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება და ძალისხმევის გაწევა კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების, სასჯელაღსრულების ორგანოების საქმიანობის, სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უმცირესობების უფლებების დაცვას.როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბატონი ჰამერბერგი აღარ გაუწევს კონსულტაციას საქართველოს მთავრობას. არსებულ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება, რომ ბატონმა თომას ჰამერბერგმა გააგრძელოს საქართველოს სპეციალური მრჩევლის მოვალეობის შესრულება სამართლებრივ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში, რადგან აღნიშნულ სფეროებში ექსპერტული რეკომენდაციები კვლავ აქტუალური და საჭიროა. ამავდროულად, ეს აუცილებელია, რათა ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და შეფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ რთული ამოცანების შესრულების გზაზე ისეთი მოკავშირის დახმარება, როგორიც ბატონი თომას ჰამერბერგია.მოცემულ ღია წერილზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები თხოვნით მივმართავთ ევროკომისიას და პირადად თქვენ, ბატონო კომისარო, რათა ბატონმა ჰამერბერგმა კვლავ შეასრულოს საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის მოვალეობა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების თვალსაზრისით ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესში", _ნათქვამია ღია წერილში.