საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების მინისტრთან შეხვედრა გრძელდება.
11 მაისს, 12:00 საათზე, გერმანიაში წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საერთაშორისო პროექტ ''კამერტონის'' საქართველოს წარმომადგენლობის ახალგაზრდა მუსიკოსებს შეხვდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტ „კამერტონის" საქართველოს წარმომადგენლობის ახალგაზრდა მუსიკოსებმა 26 აპრილიდან 6 მაისამდე საგასტროლო კონცერტები გერმანიის ექვს ქალაქში გამართეს. წელს „კამერტონს" წარმოადგენდნენ პროექტის დამფუძნებლის, ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწის ლიუდმილა ფონ ბერგის მიერ შერჩეული მოზარდები - ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები: თათა მახარაძე (ფორტეპიანო), გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ნატა როინიშვილი (ვიოლინო) და ლევან უგულავა (ფორტეპიანო). საგასტროლო კონცერტებში სპეციალური სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა პიანისტი ირაკლი ოიკაშვილიც მონაწილეობდა.
გერმანიაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია Eurocon-ის ეგიდით, მეექვსე წელიწადია, რაც მოზარდთა მუსიკალური განათლების განვითარების, კულტურის სფეროში თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტი „კამერტონი" ხორციელდება. პროექტის მიზანი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარებაა. საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა პროექტ „კამერტონს".
ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებს გერმანელი მსმენელისთვის მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა ჰქოდათ მომზადებული. ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, კონცერტზე შესრულდა ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის რონდო-ტოკატა, ირაკლი გეჯაძის "მერცხალი", გელა ჩარკვიანის საფორტეპიანო ციკლი "ირაკლიანა".
„კამერტონის" თხოვნით, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა შექმნა „ნოქტიურნის" საკმაოდ უჩვეულო, ანსამბლებისთვის განკუთვნილი რედაქცია, ამავე შემადგენლობისთვის ირაკლი ცინცაძემ საგანგებოდ მოამზადა სულხან ცინცაძის ორი საკვარტეტო მინიატურა - "სიმღერა" და "ლალე", ასევე, ამ პროექტისთვის შეიქმნა ახალგაზრდა კომპოზიტორის თენგიზ ნოზაძის კვარტეტი, სახელწოდებით "სარკაზმი".
„კამერტონი-საქართველოს" კონცერტებს დიდი წარმატება ხვდა წილად.
„კამერტონის" ქართველმა მუსიკოსებმა სპეციალური მიწვევა მიიღეს ქალაქ ბად-ჰერსფელდიდან, იოჰან სებასტიან ბახის სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე ორი კონცერტის გასამართად. ასევე, ტექსელის კუნძულზე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტების ციკლში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ნიდერლანდების ერთ-ერთ შემოქმედებით ორგანიზაციასთან. მნიშვნელოვანი გამოდგა რიჰარდ ვაგნერის საზოგადოებაში მოწყობილი კონცერტიც, რომელმაც სამომავლოდ მიწვევის საფუძველი შექმნა. ამავე საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით, გიორგი ოიკაშვილი რიჰარდ ვაგნერის სახელობის სტიპენდიანტი გახდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, წელს პროექტ ‘'კამერტონი'ს' მხარდამჭერი იყო გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბერლინის სენატი.