5 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კვიპროსში ოფიციალური ვიზიტის შედეგებს შეაჯამებენ.
ქართული დელეგაცია კვიპროსს 28-30 აპრილს სტუმრობდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე სამთავრობო დონის შეხვედრა და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია მოეწყო.
ღალიის ქართული მონასტრის გახსნა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 29 აპრილს პაფოსის დასახლებაში ღალიის ქართული სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა.
მონასტრის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და კვიპროსის ინფრასტრუქტურისა და შრომის მინისტრმა მარიოს დემეტრიადესმა. ინაუგურაციის ცერემონიის წირვა არსინეოს ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა ჩაატარა. წირვას ასევე ესწრებოდნენ ქართველი ეპისკოპოსი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი, პაფოსის ეპისკოპოსი გეორგიოსი და ქართველი მამები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, 2006 წელს კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სამუშაოები 2010 წლამდე გაგრძელდა და მას ქართველი არქეოლოგები კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ახორციელებდნენ.
კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონასტერი, სავარაუდოდ, X საუკუნის მეორე ნახევარში ქართველმა მეფემ - დავით III-მ (ჩვ.წ.ა. 963-1001 წწ.) დააარსა. სიმდიდრით გამორჩეულ ამ მონასტერს ქართველი მეფეები მფარველობდნენ. იგი მოხსენიებულია შუა საუკუნეების როგორც ქართულ, ასევე, ბერძნულ და ლათინურ წყაროებში. X-XV საუკუნეებში მონასტერში არსებობდა ხელნაწერთა განყოფილება, სადაც დაიწერა და ბერძნულიდან ქართულად ითარგმნა უამრავი წიგნი.
სამთავრობო და ოფიციალური შეხვედრები
კვიპროსში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კვიპროსის კომუნიკაციისა და შრომის მინისტრის მარიოს დემეტრიადესთან სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორი თვის წინ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესრულებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განიხილეს. ქართული მხარის სურვილია, მონასტრის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების დროებით თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ჩამოტანა. ამ ინიციატივას კვიპროსის მხარე დათანხმდა და უახლოეს პერიოდში, მემორანდუმიდან გამომდინარე, დამატებითი ხელშეკრულება გაფორმდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოში ოფიციალურად მოიწვია კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დესპო პილიდო. თბილისში ვიზიტისას, კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო უნივერსიტეტში მასტერკლასებს ჩაატარებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და ქართული დეგეგაციის წევრები კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, ხრიზოსტომოს II-ს შეხვდნენ. შეხვედრისას მინისტრმა ხაზგასმით გამოჰყო კვიპროსის ეკლესიის როლი ღალიის ქართული მონასტრის აღდგენის საქმეში და მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
ქართული დელეგაციას ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც, სადაც ისაუბრეს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობაზე, გაცვლით პროგრამებზე, ურთიერთობის ხარისხის დახვეწაზე და სხვა თემატურ საკითხებზე.