ტექნიკური გაუგებრობა მოხდა პარლამენტში "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცებისას გამართული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით.
თავდაპირველად ტაბლოზე დაფიქსირდა, რომ კანონებს 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აღმოჩნდა.
სოსო ჯაჭვლიანმა კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ეს ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა და რეალურად მან მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
ჯაჭვლიანის გარდა, კენჭისყრის შემდეგ, უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც განაცხადეს, რომ მათ ხმა მისცეს კანონს, მაგრამ ტექნიკურად ეს არ დაფიქისრდა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატისგან მოითხოვა, მიეწოდებინათ კენჭისყრის შედეგები.
შემდეგების მიხედვით გაირკვა, რომ 11-მა დეპუტატმა რეალურად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, თუმცა, სისტემამ დააფიქსირა, რომ ისინი არ ესწრებოდნენ სხდომას.
"11 კოლეგა, რომელიც დარბაზში იყო და სისტემა ამბობს, რომ არ მიუცია ხმა, ამბობენ, რომ მათ დადებითი ხმა აქვთ მიცემული ამ კანონპროექტისთვის, ესენი არიან: ივანე კიღურაძე, მურმან დუმბაძე, ნუკრი ქანთარია, ელისო ჩაფიძე, თეიმურაზ ჩხაიძე, დარეჯან ჩხეტიანი, დიმიტრი ხუნდაძე, იოსებ ჯაჭვლიანი, გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შესაბამისად, საბოლოო მონაცემით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარლამენტში 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, საბოლოო შედეგად მაინც დაფიქსირდება - 114 მომხრე, 1-ის წინააღმდეგ.