წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა ქმედებებთან დაკავშირებით სამინისტროებმა სპეციალური ბრძანებები გამოსცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიას დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
"ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ყველა სამინისტროს ბრძანების რანგში აეყვანა ინსტრუქცია, თუ რა არის საჯარო მოხელისათვის ნებადართული წინასაარჩევნოდ და რა - არა. კომისიის წევრმა ყველა სამინისტრომ შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები გამოსცა. ყველა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რათა მათმა საჯარო მოხელეებმა სავალდებულო წესით იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ წინასაარჩევნო პერიოდში. უფრო მეტიც, ასეთი ბრძანებები გამოსცეს უწყებათაშორისო კომისიის არაწევრმა სამინისტროებმაც. ეს ბრძანებები ძალაშია და ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია ერთმანეთისგან გამიჯნოს პოლიტიკური ძალა, მმართველი ძალა და პოლიტიკა და სახელმწიფო", - განაცხადა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის დაწყებისას.
თეა წულუკიანმა მოუწოდა ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებულ პირებს, ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ინსტრუქციები და რეკომენდაციები.
თეა წულუკიანის თქმით, ყველა დარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.