უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ორ კვირაში ცხელ ხაზზე 8 სატელეფონო ზარი დაფიქსირდა და ძალადობა,ს ან საარჩევნო კანონის დარღვევას არცერთი არ ეხებოდა.
"ეს რა თქმა უნდა, კარგი ამბავია და იმედი მაქვს, 15 ივნისამდე ამავე ფორმით მივალთ, ანუ ძალადობის გარეშე რათა ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში შეჯიბრის საშუალება მიეცეს, არჩევანს კი ურნასთან მისული ამომრჩეველი გააკეთებს", - განაცხადა წულუკიანმა.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იუსტიციის სახლში იმართება. საპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე იმ დარღვევების განხილვას ითხოვს, რომელიც მათ დააფიქსირეს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიის მუშაობას არაეფექტურად მიიჩნევს.
მისი განცხადებით, არცერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და აქტივისტებზე ძალადობის განხორციელება პასუხი არავის გაუცია და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა დამნაშავეების დასასჯელად ან იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
" გრძელდება პოლიტიკური დევნა და ჩვენი მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტასთან და ასეთი მოტივით, დუშეთსა და ხონში ადამიანების გათავისუფლებაზე კომისიას არ გაუთვალისწინებია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა