ქართული მხარე რუსეთისთვის ვაჭრობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმართვის გაგზავნას კატეგორიულად უარყოფს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყარალაშვილმა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ვაჭრობის აღდგენის თხოვნით მივმართეთ და აღნიშნულზე მოლაპარაკები იწყება. მოსკოვი მსგავსი განცხადებებით ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა და საკუთარი მოსახლება შეცდომაში შეიყვანოს", - აღნიშნა გიორგი ყარალაშვილმა.
მისივე განმატებით, ქართულმა მხარემ 2009 წელს თანამეგობრობის ყველ წევრ ქვეყანას მიმართა, მათ შორის რუსეთს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით და სთხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია ქართული პროდუქციის შესატანად დსთ-დან გამოსვლის შემდეგ რა სახლის დოკუმენტაცია გახდებოდა საჭირო.
ამასთან, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პროდუქციის დოკუმენტაციის საკითხი ქართულმა მხარემ ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნის დროსაც დააყენა, რაც სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასთან არანაირ კავშირში არ არის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლავროვის უწყებამ განცხადება - "რუსეთის მხარის პასუხის შესახებ საქართველოს მიმართვაზე ორმხრივი ვაჭრობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით" გამოაქვეყნა.
"როგორც ცნობილია, საქართველოს დსთ-იდან გასვლის შედეგად, ამ ქვეყნისთვის მთელმა რიგმა დოკუმენტებმა მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოქმედება შეწყვიტა. კერძოდ, ძალა დაკარგა თანამეგობრობის ფარგლებში მიღებულმა წესებმა საქონლის ადგილწარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არსებული პრაქტიკის მიხედვით შეადგენდა აუცილებელ ელემენტს 1994 წლის რუსეთ საქართველოს შეთანხმებისა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მექანიზმის რეალიზაციის შესახებ", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2009 წლის ივნისში თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიმართა რუსულ მხარეს, გამოხატა შეშფოთება ორმხრივი შეთანხმების შესრულების თაობაზე შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით და შემოგვთავაზა მისი დარეგულირება", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს, რომ შემდგომ, ქართული მხარე დაჟინებით სვამდა ამ საკითხებს ზემო ლარსი-ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე მოძრაობის აღდგენის მოლაპარაკებების მსვლელობისას.
მათი განცხადების მიხედვით, მოცემული თემა განიხილებოდა ორივე რაუნდის მიმდინარეობისას მხარეთა ექსპერტების კონსულტაციების დროს (გასული წლის ოქტომბერსა და დეკემბერში). ასევე ნოტებით მიმართვებში შვეიცარიის მეშვეობით.
"ურთიერთ ვაჭრობის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე და ქართული მხარის მომართვებისადმი შემხვედრი ნაბიჯების საპასუხოდ, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა შეიმუშავეს პოზიცია, რომელიც შესაძლებლობას ქმნის არსებული სიტუაციის დასაძლევად.
ჩვენი პრინციპული მიდგომები პრობლემის გადაწყვეტასთან ჩამოყალიბებულ იქნა 2009 წლის 22 დეკემბრის ნოტაში. დამატებით მიმდინარე წლის 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა თბილისს რუსული მხარის მზადყოფნის შესახებ, დროებით გაგრძელდეს ქართული საქონლისთვის ძველი პრეფერენციალური რეჟიმი, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაფორმების განსაზღვრული წესების პირობების გათვალისწინებით", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება და აღნიშნავს: "აუცილებლობად მივიჩნევთ, უახლოეს დროში დავიწყოთ ორმხრივი მოლაპარაკებები ურთიერთ ვაჭრობის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის სრულ ფორმატიანი წესების განსაზღვრისთვის".
"კვლავ განზრახული გვაქვს კეთილი ნების გამოვლენით კონსტრუქციულად განვიხილოთ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხები, რომელთაც აქვს კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების დღეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.