სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ თელავში, კონსერვატორების მიერ დღეს დაგეგმილი აქცია არ შედგა. დაგეგმილ დროს, 11:00 საათზე, დანიშნულ ადგილზე თვით პარტიის წევრებიც კი არ მივიდნენ.
`კონსერვატიული პარტიის~ თელავის რაიონულ ორგანიზაციას დღეს რომ საპროტესტო აქცია უნდა გაემართა, ამის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია, კონსერვატიული პარტიის თელავის ორგანიზაციის წარმომაგენელზე, გიორგი მოსიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელეს.
`ორი თვეა თელავში ხელისუფლებამ ქამრები საკუთარ მოსახლეობას გადაუჭირა. სოციალური მომსახურების სააგენტოში სრული განუკითხაობაა. მიმდინარეობს სარეიტინგო ქულების ხელოვნურად მომატება და სოციალური დახმარებების უსაფუძვლოდ გაუქმება~, - აცხადებდა მოსიაშვილი. მისივე თქმით, აქცია იმიტომ არ შედგა, რომ დაგეგმილიც არ ყოფილა. `ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას და არა აქციას~, - აღნიშნავს მოსიაშვილი.
არც აქციის და არც კამპანიის შესახებ კონსერვატორების თელავის ოფისში მომუშავე სხვა პირები ინფორმაციას არ ფლობენ.